logo
ENG



"ბრძოლა გასაგრძელებელია პროცედურებში" - სამნიძე ამბობს, რომ დღევანდელ აქციას არ შეუერთდება

09 მარ 202314:20
3 წუთის საკითხავი
 
"ბრძოლა გასაგრძელებელია პროცედურებში" - სამნიძე ამბობს, რომ დღევანდელ აქციას არ შეუერთდება
ფორმულა

პარლამენტის დეპუტატი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ რუსული კანონპროექტის უკან გაწვევის მიუხედავად, პოლიტიკოსებმა მხარი უნდა დაუჭირონ საზოგადოების პროტესტს, თუმცა ამის სათავეში არ უნდა ჩადგნენ.

სამნიძის თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკოსებმა რუსული კანონის გაწვევის პროცედურა ბოლომდე მიიყვანონ. 

კითხვაზე, შეუერთდება თუ არა დღეს დაგეგმილ აქციას, სამნიძე პასუხობს, რომ "არა", რადგან მისი მოთხოვნა იყო კანონის უკან გაწვევა, რაც ოცნებამ შეასრულა, "ბრძოლა კი პროცედურებშია გასაგრძელებელი".

"ეს პროტესტი არ იყო პოლიტიკური პარტიების ორგანიზებული და პოლიტიკური პარტიების მოწვევით, რაც იყო სწორი და ვფიქრობ, შედეგიც ამან გამოიღო, რომ ეს იყო თვითორგანიზებული პროტესტი, ადამიანები გულანთებულები გამოვიდნენ ქუჩაში, რომ ეს ქვეყანა რუსეთისკენ არ წასულიყო, ეს მათი გადასაწყვეტია, როგორ გაგრძელდება პროცესი. ისევ, ვფიქრობ უმნიშვნელოვანესია, გავითვალისწინოთ პოლიტიკოსებმა, რომ ამ პროცესში სათავეში არ ჩავდგეთ, გვერდში დავუდგეთ ადამიანებს, თუ თვლიან, რომ დღესაც უნდა შეიკრიბონ. მე პირადად ვთვლი, რომ ეს მათი გადასაწყვეტია და არა პოლიტიკური პარტიების. ჩვენი საქმეა ოცნების გადაწყვეტილება, რომ კანონი წაიღოს უკან, პროცედურულად ბოლომდე მივიყვანოთ და შევახსენოთ ყოველ ჯერზე ოცნებას, რომ კარგად დაიმახსოვრონ ეს დღეები, არ უნდა წავიდნენ საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ჩემი მოთხოვნა და დგომა პროტესტზე იყო, უკან წაიღონ კანონი და ვფიქრობ, რომ ახლა ბრძოლა გასაგრძელებელია პროცედურებში", - აცხადებს სამნიძე. 

ქართული ოცნებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობს, რომ  რუსულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" გაიწვევს.

მმართველი პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არაა საუბარი კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიაზე, რომელსაც ე.წ. ამერიკულ ვარიანტს უწოდებდნენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიმდინარე კვირაში პლენარული სხდომები არ ჩატარდება. დღეს პარლამენტის აპარტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ "ინფრასტრუქტურის დაზიანების და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება".

 


close დახურვა